Imageბათუმის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ნაგებობის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის კუთხეში მდებარე ძველი ფოსტის შენობისაგან 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში მხოლოდ დაბზარული და დაზიანებული ფასადები იყო შემორჩენილი. ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვით ზონაში მდებარე ურბანული მემკვიდრეობის ამ ქრესტომათიული ძეგლის ნანგრევებად ქცევა არც ომს და არც სტიქიურ უბედურებას გამოუწვევია – იგი დაანგრიეს.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული, იტალიური რენესანსის და ბაროკულ სტილში გადაწყვეტილი ძველი ფოსტის შენობა (თავდაპირველად – ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორა) დომინანტურ როლს ასრულებდა უბნის განაშენიანებაში. იგი გამოირჩეოდა თვალსაჩინო ურბანული და მხატვრულ-ისტორიული ღირებულებით. 2004 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად ექსპერტებმა ნაგებობას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.

Image
ძველი ფოსტის შენობა, 2011 წლის ფოტო
Image
ძველი ფოსტის შენობა, 2012 წლის ფოტო

დანგრეული შენობის ფასადებზე ჯერ კიდევ შერჩენილია ნალესობით გამოყვანილი მცენარეული და ფიგურული გამოსახულებები. მემედ აბაშიძის ქუჩის მხარეს განთავსებულ სადარბაზოების წინ – თუჯის სვეტებზე დაყრდნობილი, აჟურული დეტალებით მორთული მსუბუქი ჩარდახები. ამავე მხარესაა მონოგრამითა და კონვერტის გრაფიკული გამოსახულებით გაფორმებული კედლის “საფოსტო ყუთი”.

ნაძერწი დეტალებით მორთული დარბაზები, სადაც  თავდაპირველი თუჯის სვეტები იყო შემონახული, აღარ არსებობს.

 Image  Image

 ფოსტის შენობის “საფოსტო ყუთი” და   ინტერიერი, 2004 წლის ფოტოები

ნგრევის პარალელურად მიმდინარეობს  “მშენებლობა”.  პროექტი გამოკრულია სამშენებლო მოედნის შემომფარგვლელ ღობეზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ  არქიტექტურული ძეგლის ადგილზე, მისი ფასადების უკან ამოიზრდება მრავალსართულიანი, მაღალი მანსარდით დასრულებული კოშკისებური ნაგებობა.

Image
ძველი ფოსტის “ახალმშენებლობის” პროექტი

ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მივიღებთ გაუგებარ “არქიტექტურულ კურიოზს”, რომელიც ერთბაშად  გადააჭარბებს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის ძეგლებზე განხორციელებულ ყველა უმასშტაბო დაშენებას, გუმბათებს, მანსარდებს და ა.შ. უცნაური ისაა, რომ ნაგებობას კვლავ ძეგლის სტატუსი გააჩნია, რასაც ადასტურებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 6 აგვისტოს მიღებული №46 დადგენილება, რომელიც გამოქვეყნებულია  “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. ადგილზე, უშუალოდ სამშენებლო მოედანზეც დამიდასტურეს, რომ ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება დაისვას კითხვა: ხომ არ ფიქრობენ პროექტის ავტორები, ის ინსტანციები, რომლებმაც ეს პროექტი დაამტკიცეს, რომ ხდება ძეგლის შენარჩუნება და მისი ე.წ. რეაბილიტაცია? თუ ეს ასეა, სახეზეა უკანონობა, კონფორმიზმი, არაპროფესიონალიზმი და პროფესიული ეთიკის დეფიციტი.  

*  *  *

Image
სასტუმრო “ლონდონი”, ფრაგმენტი, 2011 წლის ფოტო

სხვათა შორის,ბათუმში წელს ვეღარც ძველი სასტუმრო “ლონდონის” შენობა ვიხილეთ (ზვიად გამსახურდიას ქ. №13), რომლის დანგრევამდე მიყვანაზე დაინტერესებულმა პირებმა “ადრევე იზრუნეს”. ეს ნაგებობა მრავალი წელი სახურავგადახდილი და გამოღადრული იდგა. შარშანდელი მდგომარეობის მიხედვით მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო.

როგორც ჩანს, იგივე ბედი ელის ზვიად გამსახურდიას და ხულოს ქუჩის კუთხეში (35/6) მდებარე ძველ აბანოს, თავდაპირველი სახელწოდებით – “ვენეცია”, რომლის ნგრევა დაწყებულია. ყოველ შემთხვევაში, ტერიტორია შემოღობილია და კუთხის შენობის საფასადო ნაწილი  მორღვევულია.

Image
აბანო, 2012 წლის ფოტო
Image
აბანო, ინტერიერის ფრაგმენტი, 2004 წლის ფოტო
Image
აბანო, გუმბათები, 2007 წლის ფოტო
Image
აბანო, ინტერიერი, 2004 წლის ფოტო

სახეცვლილია კიდევ ერთი არქიტექტურული ძეგლი – ე.წ. “ჩაის სახლი”. იგი ბათუმის სანაპირო ზოლის ისტორიულ განაშენიანებაში თვალსაჩინო არქიტექტურით გამოირჩევა. საკმაოდ დიდი,  ორსართულიანი  შენობა თითქმის მთელ კვარტალს იკავებს.  მისი ფასადები სამ ქუჩაზე – ი. გოგებაშვილის ქ. №12-14; ფარნავაზ მეფის ქ. №1-3; საიათნოვას ქ. №2 – ხოლო უკანა ფასადი გ. ელიავას ქუჩაზე გადის.

XIX ს-ის 80-იანი წლების მიწურულით დათარიღებული ეს ნაგებობა საპორტო ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო სავაჭრო რიგს წარმოადგენდა. არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტის მხრივ მას იშვიათად მოეძებნება პარალელები როგორც ბათუმის, ასევე საქართველოს სხვა ქალაქების ისტორიულ ნაგებობებს შორის.

Image
“ჩაის სახლი”, 2007 წლის ფოტო

თავისი არსებობის მანძილზე შენობამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. XIX- XX საუკუნის მიჯნაზე მთავარი ფასადის შუა ნაწილი გააფორმეს მუშარაბიანი  შუშაბანდით, ხოლო მარჯვენა კიდეში დაამატეს კანელურებიან პილასტრებს შორის მოქცეული, სწორკუთხაღიობებიანი ერთი სართული. იმავე ადგილზე XX საუკუნის ბოლოს განხორციელებულმა

Image
ჩაის სახლი, 2007 წლის ფოტო

დაშენებამ დაარღვია ნაგებობის პროპორცია, ხოლო 2012 წელს, შენობის  მთელ პერიმეტრზე დამატებულმა ორმა სართულმა დაჩრდილა ძეგლის არქიტექტურული ღირებულება. გარდა ამისა, ფასადები შელესეს მოვარდისფრო-მოწითალო ნალესობით, რომლის ფერი უახლოვდება შენობის ქვით

Image
ჩაის სახლი, 2012 წლის ფოტო

არ იქნა გათვალისწინებული ნაგებობის რესტავრაციისათვის  2008 წელს ჩამოყალიბებული შემდეგი რეკომენდაცია: “ფასადების დაზიანებული ადგილების გამოსწორებისა და ვიზუალური მხარის გაუმჯობესების მიზნით დაუშვებელია ქვის წყობის დაფარვა თანამედროვე ქიმიური ნივთიერებების შემცველი ნებისმიერი სახის ნალესობით”.

Image
სასტუმროები “ბელ-ვიუ” და “ორიენტალი”
Image
გოგებაშვილის ქ. №8-10, 2007 წლის ფოტო

“ჩაის სახლის” გვერდზე ამჟამად სამშენებლო მოედანია გაშლილი. ახალშენებმა შეცვალა XIX საუკუნის ბოლოს აგებული სასტუმროები “ბელ-ვიუ” და “ორიენტალი”, სადაც XX საუკუნეში შინაგან საქმეთა სამმართველო და სხვა დაწესებულებები იყო განთავსებული (გოგებაშვილის ქ. №8-10).  სატუმრო “ბელ-ვიუ” 1996 წელს დაანგრიეს, ხოლო სასტუმრო ,,ორიენტალი”, რომელსაც ძეგლის სტატუსი გააჩნდა და არაერთი წლის მანძილზე იდგა უყურადღებოდ მიტოვებული –  2011 წელს.

გარდა არქიტექტურული ძეგლების “ნგრევა – შენებისა,” ბათუმის ცენტრში,  უშუალოდ წამომართულია უსაშველოდ დიდი  შენობები, რომლებიც არღვევს ქალაქის ჩამოყალიბებულ ურბანულ სახეს.

Image
რუსთაველის პრ. №17 მიმდებარე შენობებს შორის, 2012 წლის ფოტო

ურბანული მემკვიდრეობის სფეროში მიღებულ კანონების დეფიციტს ბათუმი ნამდვილად არ განიცდის (1990-იან წლებში ძეგლად აღიცხული შენობების ნუსხა განახლდა 1987 წელს, შეივსო – 2004 და 2006 წლებში; 2006-2007 წწ. მომზადდა ბათუმის ისტორიული ნაწილის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა).

ბათუმში კანონდარღვევით მიმდინარე ნგრევა და მშენებლობები დროულად უნდა იქცეს მსჯელობის საგნად, შეჩერდეს უმართავი პროცესები და გადაიდგას ნაბიჯები მდგომარეობის გამოსასწორებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია კულტურული მემკვიდრეობის კიდევ უფრო დიდი დანაკარგები.

This entry was posted in Uncategorized and tagged . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი