თბილისის ათეშგა

თბილისს XIX საუკუნეში ევროპული და აღმოსავლური ელემენტებით გაჯერებული არქიტექტურისა და მოქალაქეთა ცხოვრების წესის მრავალფეროვნების გამო ორსახოვან იანუსს ადარებდნენ.

მას შემდეგ ძველ ქალაქში ბევრი რამ შეიცვალა, მრავალი დამახასიათებელი წახნაგი წაიშალა, ბოლო ხანს განსაკუთრებით ბევრი სიძველე დაიკარგა, თუმცა ბევრი კვლავაც შემორჩენილია.

ის რაც დროის მსახვრალმა ხელმა გაანადგურა, იქ ვერაფერს გავაწყობთ, მაგრამ რაც ჩვენი პასიურობის, ნიჰილიზმის, ან არაპროფესიონალიზმის წყალობით შეიძლება დაიღუპოს, – შეუწყნარებელია.

ამჯერად, გვინდა შეგახსენოთ თბილისში ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძრის – ათეშგას არსებობის შესახებ, რომელიც ურბანული მემკვიდრეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლს წარმოადგენს. იგი ამავე დროს საქართველოში ადრე არსებული ამ ტიპის ნაგებობებიდან ჩვენამდე ფიზიკურად ყველაზე უკეთ მოღწეული ნიმუშია.

სოლოლაკის ფერდზე შერჩეული შემაღლებული მდებარეობა ათეშგას კარგად აჩენს თბილისის სხვადასხვა წერტილიდან და აქედანაც მთელი ქალაქი მოიხილება.

საუკუნეთა მანძილზე ათეშგას შენარჩუნება უძველესი ქრისტიანული სიწმინდის – ბეთლემის ეკლესიის გვერდით, იანუსისსახიანი თბილისის კიდევ ერთ ამოუცნობ წახნაგს ავლენს, ხოლო ის, რომ ქართველი მეფენი ზრუნავდნენ დაეცვათ ეს „ძველი შთენი“ და მისი შემუსვრის ნებას არავის აძლევდნენ – დღესაც გაკვეთილი შეიძლება იყოს ძეგლის დამცველთათვის.

ათეშგა 2009 წელს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის ხელშეწყობით, იკომოს საქართველოს პროფესიონალთა ჯგუფის მიერ განხორციელებული საკონსერვაციო სამუშაოების შედეგად ძეგლთა დაცვის თანამედროვე პრინციპების შესაბამისად არის დაცული. თუმცა, იგივე არ ითქმის მისი მოვლა-პატრონობის საკითხში არსებულ სრულ გაურკვევლობაზე, რაც ამცირებს ძეგლის ტურისტულ პოტენციალს და დროთა ვითარებაში შეიძლება მისი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებაც გამოიწვიოს.

23.12.2016

ათეშგა (სპარს. ათეშგაჰ – ცეცხლის ადგილი, ცეცხლის საგზებელი), ზოროასტრული ნატაძრალი, თბილისის რთული წარსულის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ძეგლია. ის სოლოლაკის ქედის ფერდობზე შეფენილი კლდისუბნის (ქვემო კალას მთას შეფენილი ნაწილი) განაშენიანების ზედა ტერასაზე, ბუნებრივ კლდოვან შემაღლებაზე დგას, რომელიც ცხადია, იმთავითვე მისი უკეთ წარმოჩენისთვის იქნა შერჩეული. ათეშგას დასავლეთით, მცირეოდენი დაშორებით ამავე ტერასაზე განთავსებულია ბეთლემის ტაძარი, რომლის დაფუძნება საეკლესიო წრეებში დაცული გადმოცემის თანახმად მეფე ვახტანგ გორგასლის დროინდელ, თბილისის უძველეს, V ს-ის ხუთ ეკლესიას[i] შორისაა საგულისხმო. ქალაქის ისტორიის საწყისი ეტაპის ძეგლების, შეურიგებელი რელიგიების – ზოროასტრიზმისა და ქრისტიანობის ამ ორი სატაძრო ნაგებობის ასეთი სიახლოვე განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს, რაც თბილისის ისტორიული სინამდვილის მრავალწახნაგოვნებას, რადიკალურად განსხვავებულ შეხედულებათა არაორდინარული შეთანხმების გამოცდილებას და არასაკმარისად შესწავლილ რიგ საკითხთა წყებას უკავშირდება.

ათეშგას ჩაკეტილ არქიტექტურას კუბური ფორმის მარტივი სილუეტით, ლაკონური ფორმებით, ყრუ, სიმეტრიული ფასადებით და სტატიკურობით განსხვავებული ხასიათი შეაქვს დიფერენცირებულფორმებიანი ეკლესიებითა და მრავალღიობიან-აივნებიანი (თავის დროზე ბანებითაც) გახსნილ და დინამიკურ საცხოვრებელი ნაგებობათა ერთობლიობით შექმნილ ურბანულ სტრუქტურაში.

ათეშგას ჩამუქებულკედლებიანი ნაგებობა მთლიანად კვადრატული აგურით არის ნაშენი. იგი გომის ქუჩის ბოლოს, მცირედ გაფართოებულ მოედნისებურ გზასაყართან დგას და შემაღლებულ რელიეფზე წამომართული ქალაქისკენ ჩრდილოეთი ფასადით გამოდის; ამ მხარეს ის კონცხისებურად ამოზიდულ ბუნებრივ კლდოვან ძირს აგურით ნაშენი მაღალი სუბსტრუქციით ეფუძნება, რომელიც საფასადო კედლისგან ერთი ფენა ქვის ფილების ფენილით გამოიყოფა. ათეშგას დასავლეთით გაუნაშენიანებული არე ამჟამად მცირე სკვერს უკავია. ზედა, სამხრეთის მხრიდან, ძეგლზე საცხოვრებელია მიშენებული. აღმოსავლეთით შექმნილი ბაქნის ნაწილი ამ მხარეს არსებულ საცხოვრებელ სახლსა და ათეშგას შორის მოქცეულ მცირე ეზოს უკავია, ხოლო ფასადის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე სამეურნეო სათავსია მიშენებული.

image001

შენობის გეგმის მონახაზი კვადრატში თავსდება. კედლების შიდა და გარე დანაწევრება განსხვავებულია, თუმცა ექსტერიერისა და ინტერიერის სიმეტრიულობა გარკვეულად ურთიერთშეთანხმებულ სისტემაშია მოყვანილი და ყოველი ფასადის ნახევარწრიული დასრულების შეწყვილებულ კედლის თაღს ინტერიერში კედლის შუა მონაკვეთში განთავსებული თითო შეისრულთაღოვანი უბე პასუხობს. საფასადე კედლის ყრუ სიბრტყის დამანაწევრებელი თაღებიდან მთელი სიმაღლით მხოლოდ დასავლეთ კედელზე სამხრეთ კუთხისკენ გადაყვანილი ნახევარწრიული თაღია შემორჩენილი. ნაგებობას მხოლოდ აღმოსავლეთ მხარეს აქვს ღიობები, რომელიც ფასადის კუთხეებთან ახლოს გამართული, კონქით დასრულებული ვიწრო და მაღალი ნიშებით ფლანკირებული ნახევარწრიული მოყვანილობის მაღალ და განიერ პორტალის თაღშია მოქცეული. ეს კომპოზიცია ვერტიკალურ ღერძზე განაწილებული ვიწრო, სწორკუთხა კარის, ზემოთ – შეისრულთაღოვანი ვიწრო ღიობისა და უფრო ზემოთ – ასევე, შეისრული მოყვანილობის ფართო ლუნეტისგან შედგება.

image003.jpg

ინტერიერში ყოველი კედლის შუა ნაწილში გადაყვანილი ფართო, შედარებით დაბალი და ღრმა თაღების კუთხეები აგურის მარაოსებური წყობით ამოყვანილ, გეგმით ნახევარწრიულ დაბალ და მასიურ პილონებს ეყრდნობოდა, რომელსაც ნალესობა სიგლუვეს აძლევდა. ეს პილონები გვიანდელი შეკეთების შედეგად ჩაშენებული და დაფარული იყო თვალთახედვიდან. 2007-08 წლებში ჩატარებული არქეოლოგიურ-კვლევითი სამუშაოების დროს[ii] მოხდა მათი გამოვლენა და გაიხსნა აღმოსავლეთი წყვილი; პილონებს უკაპიტელოდ ეყრდნობა თაღის კუთხე, რომელიც ზემოთ, კეხთან ოდნავ შეტეხილი მოხაზულობით იკვრება. კიდევ ერთი შეტეხვა თაღის ქუსლთან, აგურის რიგის კუთხიდან ოდნავ შიგნითკენ დაძვრაში შეინიშნება და კონტურის ამ უმნიშვნელო ტეხილების გამოლესვისას თაღს მსუბუქად გამოხატული ნალისებრ-შეისრული მოხაზულობა აქვს მიცემული.

აღნიშნულ უბეთაგან სამხრეთისაში, ცენტრში, იატაკიდან საკმაოდ მაღლა მოთავსებულია შეისრულთაღოვანი ნიშა – “მიჰრაბი”, მოგვიანებით ათეშგას მუსლიმურ მეჩეთად გადაკეთების უტყუარი ბეჭედი, ქალაქ მექას მიმართულების მიმანიშნებელი და ყურანის დასადებად განკუთვნილი. აღმოსავლეთის ზემოხსენებული ვერტიკალურ ღერძზე განაწილებული ღიობების საპირისპიროდ დასავლეთ უბეში ნიშების ანალოგიური კომპოზიცია მეორდება ლუნეტის გამოკლებით.

image005.jpgათეშგას შიდა სივრცის დამასრულებელმა გუმბათურმა გადახურვამ ჩამოქცეული სახით მოაღწია. დარჩენილია კონსტრუქციის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. კვადრატიდან წრეზე გადასასვლელად გამოყენებული ტრომპებიდან მოღწეულია სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში განთავსებული ორი ტრომპი დღემდე შემორჩენილი საფეხურებად შვერილი მხოლოდ ორი ნახევარწრიული თაღით. ტრომპებს შორის არსებული ნიშებიდან შედარებით სრულად შემორჩენილია სამხრეთისა; ამასთანავე, იკითხება აღმოსავლეთი და დასავლეთი ნიშების სამხრეთ წირთხლების ძირის ნაწილები, რომლებიც ტრომპების მიერ მონიშნულ რკალს აგრძელებს.

image007.jpg
თაღების ძირშიც იქმნება
ერთსაფეხურიანი ნაშვერი

აღნიშნული ტრომპებისა და ნიშების ძირში კედლებს ასრულებს აგურის ერთი რიგით შექმნილი თარო-სარტყელი. კედლის წყობით, რომელიც თითქმის მთელ პერიმეტრზე შემოსდევს კედლებს, გარდა სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლისა, სადაც კედელთან მიბჯენილი კლდე ნიშის ძირამდე ამოდის;

ამ საფეხურს ქვემოთ, “ცოკოლის სართულის” შვეულად ჩაშვებულ კედელს კლდოვანი რელიეფის დამრეცი ქანობის ნაწილობრივ ბუნებრივი, ნაწილობრივ კი გამოკვეთილი პროფილის კარნახით სხვადასხვა სიღრმე აქვს, უმეტესი ჩრდილოეთისკენ, სადაც ის 1 მეტრს აჭარბებს. ინტერიერში კლდოვანი ფუძის დამუშავების კვალი – აგურის იატაკის ფრაგმენტი (ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან), საფეხურისებრი ბაქნები (დასავლეთით), კლდეში ნაკვეთი ოვალური ორმო ცენტრში ხვრელით (სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან) და მის მახლობლად ჩაკვეთილი წვრილი ღარი – ნაგებობის ამ ნაწილის სარიტუალო გამოყენებაზე უნდა მიანიშნებდეს გარკვეულ, სავარაუდოდ, საწყის ეტაპზე. ჩრდილოეთით “ცოკოლის სართულის” ჩაღრმავებას პასუხობს კედლის გარე, ქვემოთკენ გაგანიერებული კონტურიც, რომელიც კლდეზე დაფუძნებულ ზემოხსენებულ სუბსტრუქციას ქმნის და რელიეფის პროფილიდან გამომდინარე მისი სიმაღლე ჭარბობს კედლის შიდა პირისას ამ ნაწილში.

image010.jpg
ფრაგმენტი თბილისის 1963-64 წლების ადრეული პანორამიდან;
დიმიტრი ერმაკოვის ფოტო

თბილისის ათეშგასთან დაკავშირებული საარქივო გრაფიკული და ფოტომასალა სოლიდურ რაოდენობას შეადგენს. image012.jpgძეგლი აღბეჭდილია გვიანი შუასაუკუნეებისა და XIX ს-ის გრაფიკულ ჩანახატებზე, იგი თბილისის უადრესი პანორამებიდან დაწყებული არაერთ საარქივო ფოტოზე იკითხება.

XX ს-ის 40-იან წლებში ათეშგას, როგორც სიძველისა და არქიტექტურის ძეგლს დაუდგინდა დაცვითი ზონა.

1940 წ. თბილისის საბჭოს განათლების განყოფილების სიძველეთა დაცვის სექციაში (ხელმძღ. გ. ჭეიშვილი, შემდგენელი ვ. იანვარაშვილი) შედგა ძეგლის სქემატური გეგმა, ჭრილი და ფასადები.

image014.jpg1938 წელს ნაბათოვს შეუსრულებია ათეშგას მაკეტი, რომელზეც, ჩანს, საარქივო ფოტო მასალის გამოყენებით მოცემული იყო ძეგლის რეკონსტრუქცია, ძირითადად სწორ ფორმებში. [iii]

1930-იან წლებში ათეშგაზე ჩატარებულა სარემონტო სამუშაოები. 1965-66 წლებში სარესტავრაციო სახელოსნოს (არქიტ. ნ. ალხაზაშვილი, ხელმძღვ. რ. გვერდწითელი) შენობის შიგნით რამდენიმე შურფი შეუსრულებია,[iv] რასაც სარემონტო სამუშაოებიც მოყოლია. ათეშგაში ამ დროისთვის არსებული ნიადაგის დონიდან 110 სმ-ის სიღრმეზე ჩრდილოეთი კედლის გასწვრივ გამოჩენილა აგურის იატაკი, რომელიც სამხრეთისკენ კლდეს ადგებოდა.

ზემოხსენებულ სამუშაოთა გარდა, ათეშგას ვიზუალური დათვალიერება ნათლად აჩენს მრავალჯერადი შეკეთების ანაბეჭდებ, რაც გამოყენებული აგურის განსხვავებულ ზომებთან ერთად შემაკავშირებელი ხსნარის არაერთგვაროვან ფერსა და სიმტკიცეშიც მჟღავნდება. მიუხედავად კედლების ფრაგმენტული რემონტებისა ყურადღებას იპყრობს მყარ ფუნდამენტზე აღმართული ნაგებობის მონოლითურობა (ბზარები არ ჩანს); რაც ყველაზე საგულისხმოა, უადრესი სამშენებლო ფენის დიდი მონაკვეთები შენობის მთელ სიმაღლეზე ნაწილდება სუბსტრუქციიდან დაწყებული ტრომპებამდე.

ჩვენს ხელთ არსებული გრაფიკული და ფოტომასალა ნაგებობის სილუეტის თვალის გადევნების საშუალებას იძლევა XVII ს-ის 70-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე და მისი შეჯერება დღევანდელ საერთო არქიტექტურულ სახესთან არსებით ცვლილებებს არ აჩვენებს.

Untitled-1.jpg
1672 წ. ჟან შარდენის 1831 წ. 1850-იანი წლ.
მხატვარი გრელო მხატ. ნიკანორ ჩერნეცოვი მხატ. გრიგოლ გაგარინი

ათეშგას უადრესი გრაფიკული გამოსახულება, რომელიც შესრულებულია XVII ს-ის 70-იან წლებში თბილისში მყოფი ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის თანმხლები მხატვრის, გრელოს მიერ ნაგებობას ბეთლემის ეკლესიასთან ერთად დამოუკიდებელ ბორცვზე მდგარ, მომაღლოგუმბათიანი კუბის სახით წარმოგვიდგენს, რომლის საფასადო სიბრტყეები გლუვი და ყრუა. ათეშგას სამხრეთ-აღმოსავლეთით, გალავნით მოზღუდული ტერიტორია, თუ დაბალი და გრძელი ნაგებობა ახლავს.

ჩვენთვის საგულისხმო მომდევნო გრაფიკული გამოსახულება შესრულებული XIX ს-ის 30-იან წლებში მხატვარ ნიკანორ ჩერნეცოვის მიერ ათეშგას არსებითად იმავე კუთხიდან და იგივე კონტურში გამოსახავს ერთი განსხვავებით – ჩრდილო ფასადზე სამი პარალელური მოგრძო ლაქაა, რითაც მხატვარს გვიანი სარკმლების, ან დაზიანებით წარმოშობილი ხვრელების, თუ კედლის თაღების ხაზებით შექმნილი შორიდან დანახული ჩრდილების ასახვა უცდია.

მოგვიანებით, XIX ს-ის შუაწლებში გრიგოლ გაგარინის მიერ შესრულებული ნახატის მიხედვით ათეშგას სილუეტი ანალოგიურია, თუმც აქ უკვე რეალისტური სიზუსტითაა გადმოცემული ფასადების დანაწევრება წყვილ-წყვილი დეკორაციული თაღით. აღმოსავლეთიდან მას ებჯინება მაღალი ნაგებობა, რომლის სილუეტი გვაფიქრებინებს აქ შესაძლო კოშკური ტიპის საცხოვრებელის არსებობას, რომელიც ათეშგის ეზოს საფარს ქვეშ დღესაც არსებული XVIII ს-ის სარდაფის სათავსების დროინდელი ამჟამად სახეცვლილი ერთიანი სტრუქტურის მიწისზედა ნაწილს უნდა წარმოგვიდგენდეს; ათეშგის დასავლეთით, გამოსახული ტერასა გომის ქ. #11, ან #12 საცხოვრებელი სახლის ადრეულ, ბრტყელი გადახურვით დასრულებულ ვარიანტს უნდა აჩვენებდეს ბანზე ამოსასვლელი კიბეების გადამხურავი საფეხუროვანი სილუეტის მქონე ჯიხურით; ნახატი ასევე გამოსახავს კოშკური სილუეტის სახლს მიღმა, აღმოსავლეთით მდგარი გომის ქ. #4 სახლის ძველ ბანიან გადახურვას და სწორედ ამ ბანების ერთობლიობა ქმნის თითქოსდა ერთიანი ტერასის ილუზიას ათეშგის ძირში.

XVII ს-ის 70-იანი წლების დასაწყისისა და XIX ს-ის I ნახევრის გრაფიკულ გამოსახულებათა შედარება სამხრეთ-აღმოსავლეთით ზღუდისა, თუ ნაგებობის გაქრობას, ათეშგას გლუვ ფასადებზე დეკორაციული თაღების გაჩენას და უშუალოდ მის სიახლოვეს განაშენიანების შემჭიდროებას აჩვენებს. პლატონ იოსელიანის მიერ მოტანილ ცნობას, იმის შესახებ, რომ ათეშგა თბილისში გაბატონებული თურქების მიერ 1724 წლიდან მეჩეთად გადაკეთებულა, შემდგომ კი, ის მალევე დაუნგრევიათ ირანელებს[v], თუ მართლაც დოკუმენტური საბუთი უდევს საფუძვლად, საგულისხმოა, რომ ამას გარკვეული ცვლილება უნდა მოყოლოდა; შესაძლოა აღმოსავლეთ ფასადის ღიობის სამნაწილიანობა და ლუნეტისთვის უცნაური შეისრულთაღოვანი ნიშისებრი ღიობი ამ პერიოდის მეჩეთად გადაკეთებისთვის დაგვეკავშირებინა.

image015.jpg
დიმიტრი ერმაკოვის ფოტო
ფრაგმენტი XIX ს-ის მიწურულის პანორამიდან;

XIX ს-ის II ნახევრიდან XX ს-ის დამდეგამდე უკვე ქალაქის პანორამული ხედების ამსახველ საარქივო ფოტოებზე[vi] თვალი ედევნება ათეშგას მაღალკედლებიანი კუბური მოცულობის დამასრულებელ, ზემოთ კვერცხისებურად შევიწროვებულ, პარაბოლისებურ გუმბათს. ასევე, ნათლად იკითხება გუმბათის ორგარსიანობა და ამ გარსების თანდათანობითი დაზიანება.

თუ არ ჩავთვლით ცვლილებებს ეზოს მხარეს და ათეშგას ჩაქცეულ გუმბათს, ნაგებობის დღევანდელი საერთო სახეც არაა აღნიშნული ვითარებისგან არსებითად განსხვავებული.

ამდენად, როგორც გრაფიკული და ფოტოდოკუმენტების შეჯერებამ აჩვენა, ბოლო, თითქმის ოთხი საუკუნის მანძილზე ათეშგას არქიტექტურულ გადაწყვეტაში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა.

ამასთან ერთად, ძეგლის ნატურაში კვლევა პარადოქსულ სურათს იძლევა. ათეშგას ძირის ფენები – აგურის სუბსტრუქცია

კედლების ქვედა ნაწილები
კუთხის მრგვალი პილონები
ამასთან ერთად ნაგებობის დამასრულებელ მონაკვეთები
კედლის ზედა ნაწილები
თაღები

ტრომპები და ტრომპთაშორისი ნიშები შედარებით მოზრდილი – 24.5(25) X 24.5(25) X 4.5(5) სმ, ერთი ზომის აგურით და ერთგვაროვანი ფრაქციის (მსხვილკენჭოვანი) კირის დუღაბით არის ნაშენი, რაც საფუძველს ქმნის ვიფიქროთ, რომ ნაგებობის ხუროთმოძღვრული სხეულის მთლიანობა დროის მსვლელობაში არ დარღვეულა. რაც შეეხება ინტერიერში თაღების კუთხეების შეკეთებებს, რომლის დროსაც ჩაუშენებიათ პილონები, ასევე ფოტოებზე ასახულ დასავლეთისა და ჩრდილოეთის გვიან გახსნილი ღიობებისა და დაზიანებების შევსებებს, და ბოლოს ყველაზე უფრო დაზარალებული აღმოსავლეთი კარის ღიობს, ისინი უმეტესად კედლის შუა მონაკვეთებს ემთხვევა. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს სამხრეთი ნიშის შუა ნაწილი, რომელსაც შეკეთება არ ემჩნევა, თუმცა აქ არსებული “მიჰრაბი” ნამდვილად მოგვიანებით უნდა იყოს მოწყობილი. ყოველივე ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ კედლების შუა ნაწილებში, გარდა სამხრეთისა, შესაძლოა ყოფილიყო გარკვეული ზომის ღიობები, რომლებიც ნაგებობის მეჩეთად გადაკეთების დროს შეიძლება ჩაეშენებინათ. თუმცა ამ საკითხს უშუალოდ უკავშირდება საფასადო ორთაღედის სისტემის რღვევა, კვლევის ამ ეტაპზე კი, ჩვენთვის ძნელია მისი გვიანი წარმოშობის დაბეჯითებით მტკიცება, რადგან ვიზუალური დათვალიერებით კედლის თაღებსა და შექმნილ შეღრმავებებს შორის ბმული წყობაც მოიხილება და ნაკერებიც.

რაც შეეხება ათეშგას გარშემოსავლელების საკითხს, მისი კვალი, თუ ის არსებობდა, სრულიად წაშლილია. ეჭვს აღძრავს მხოლოდ ჩრდილოეთი მხარის აგურისა და ქვის საფეხუროვანი ცოკოლის და მაღალი სუბსტრუქციის ჩამოთლილი პირი, რაც ვფიქრობთ XIX საუკუნეში გომის ქუჩის ამ მონაკვეთის მოწყობას, ათეშგას მომიჯნავე #3 საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციასა და ეზოსთან დამაკავშირებელი კიბეების მოწყობას უკავშირდება. ამ მხრიდან შესაძლოა ათეშგასთან მოწყობილი ყოფილიყო ტერასულად გამართული მისასვლელი.

image017.jpg

ერთი რამ ცხადია, ათეშგას მონუმენტურ, ზოგადფორმებიან არქიტექტურას არქაული იერი აქვს, რაც მწირად დეკორირებულ ინტერიერთან ერთად ექსტერიერის გადაწყვეტასაც ატყვია. ინტერიერში გამოყენებული თაღების ორივე ფორმა, შეისრულიცა და ნალისებურიც, სასანური არქიტექტურიდან შეთვისებული და ფართოდ გავრცელებული მუსლიმურ არქიტექტურაში,[vii] ათეშგას შემთხვევაში, სავარაუდოდ, სწორედ სასანურ პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს. მსუბუქ ნალისებურ მოხაზულობას თაღის ქუსლთან არსებული, ზემოთაღწერილი ტექნიკური დანიშნულების – თაღის გადასაყვანი ქარგილის ჩამოსაყრდენი მცირე თაროს გამოყენება და მისი მოხსნის შემდგომ, არსებული კუთხის რკალური გამოლესვა იძლეოდა[viii], რაც ასევე სასანურ სამშენებლო ტრადიციას უკავშირდება.

იგივე შეიძლება ითქვას თაღის მსუბუქ შეტეხვაზე, რაც არსებითად განსხვავებულია მუსლიმურ არქიტექტურაში გამოყენებული გაცილებით მკვეთრად გამოხატული შეისრული ხაზისაგან, რომლის ნიმუში თბილისში, აქვე, ბეთლემის სამრეკლოს პორტალის, ხოჯევანქის სასაფლაოს არქიტექტურული ძეგლების და ლეღვთახევის (მართალია გვიანი) ე.წ. “ათეშგას” (?) არქიტექტურის დეკორაციულ გაფორმებაში ჩანს[ix].

 image020.jpg
 ლეღვთახევის ათეშგა (?) (თბილ. მუზ. ფოტო)

 image022.jpg
ბეთლემის სამრეკლოს პორტალი

ტრომპებისა და ტრომპთაშორისი ნიშების საშუალებით შექმნილი გუმბათის ოქტოგონური ფუძე და თავად გუმბათის ამაღლებული, ელიფსურ-კვერცხისებური წვერი სავსებით პასუხობს ირანული გუმბათის გავრცელებულ ტიპს. ირანი კვადრატის კუთხეებში გამართული ტრომპების საშუალებით გადაყვანილი გუმბათის შემოქმედი უკვე III ს-ში გახდა. სასანურ პერიოდში გუმბათს არქაული ფორმა ჰქონდა “… переходная зона тромпов еще не отделилась в качестве самостоятельного архитектурно-конструктивного пояса и тромпы вмонтированы в оболочку купола … диаметр купола иногда превышает поперечник помещения, отступая за грань стены.”[x] სწორედ ასეთი გადაწყვეტა ჰქონდა ათეშგას გუმბათს; მიუხედავად მისი ჩამონგრევისა ტრომპების შეფარვა მაღალი კედლების გარე პირს მიღმა დღესაც იკითხება. საგულისხმოა ასევე, სასანური პერიოდიდან მომდინარე გუმბათის ორგარსიანობის საკითხი, რაც ვფიქრობთ თავდაპირველი, სასანური კონსტრუქციის გვიანი განახლებების დროინდელი განმეორება-აღდგენით იყო შენარჩუნებული[xi] და თვალნათლივ იკითხებოდა ჩამონგრევამდე. შესაძლოა სწორედ ღრუიანი კონსტრუქციის სიმსუბუქემ განაპირობა მისი ხანგრძლივი არსებობა – “Выложенный из кирпича пустотелый купол – выполненный не путем сплошной кладки, а состоящий из двух кирпичных оболочек, связанных при помощи распорок и переплетающихся арок; таким образом, получается свод такой же прочности, что и сплошной, но более легкий и с меньшим распором.”[xii] ასევე ახლობელია ირანული არქიტექტურისთვის მრგვალი, მასიური ბოძების გამოყენება ინტერიერში, თუმცა კედელთან ახლოს; აღსანიშნავია, რომ კედელთან მიდგმული კუთხის პილონების მაგალითები მუსლიმური არქიტექტურის მოგვიანო ნიმუშებშიც გვხვდება და ასევე, საქართველოში, რომლის მაგალითად ტიმოთესუბნის XVI-XVII სს-ის კარიბჭე გვევლინება.

კვლევის ამ ეტაპზე არქიტექტურულ ფორმათა განხილვა საფუძველს გვაძლევს თბილისის ათეშგის აგება IVVI სსის შუალედში ვივარაუდოთ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებული მოსაზრებები მიხედვით თბილისის ათეშგას აგების თარიღ IVVII სსის დროის მონაკვეთში მერყეობს.[xiii] რაც შეეხება ნაგებობის ტიპს, დამაჯერებლად გვეჩვენება, წინასწარულად, მისი ჩაჰარკაპუს (ოთხივე მხრიდან კარით გახსნილი, გეგმით კვადრატული ტაძარი) ტიპის სასანური ზოროასტრული ტაძრების ჯგუფთან დაკავშირება, რასაც გვთავაზობს არქეოლოგი გურამ ყიფიანი[xiv], თუმცა ძეგლის ნატურაში შესწავლის შედეგები ამას გარკვეულად ეწინააღმდეგება, რასაც, ვფიქრობთ შემდგომი ლაბორატორიული კვლევა და ზონდაჟების ჩატარება დააზუსტებს. ბუნებრივია, ამ ზოროასტრული ტაძრის დაფუძნების პერიოდის განსაზღვრისთვის არქიტექტურის თავისებურებასთან ერთად გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ისტორიული ვითარების გათვალისწინება.

ამ ფონზე დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიური თვალსაზრისით რა ვითარება იყო თანადროულ ქართლში. არქეოლოგიური ძეგლების სახით მოღწეული წინაქრისტიანული ხანის ცეცხლის ტაძრები ცხადს ხდის, რომ ზოროასტრიზმს, რომელიც აქემენიდური და სასანური ირანის ოფიციალურ კონფესიას წარმოადგენდა, სწორედ ირანიდან უნდა შემოეღწია იბერიისა და ეგრისის სამეფოში. არქეოლოგიური კვლევებით გამოვლენილი ანტიკური იბერიის ცეცხლის ტაძრების ჯგუფისთვის – ციხიაგორა, ღართისკარი, სამადლოს მიწები, ორსვეტიანი დარბაზი უფლისციხეში – დამახასიათებელი გეგმარებითი სტრუქტურა, კვადრატული ცელა ორ მხარეს კორიდორისმაგვარი სათავსებით, წინ მაღალგალავნიანი ეზოთი, რომლის ცენტრში სამსხვერპლო-საკურთხეველი ყოფილა, ამ ტიპის ტაძრების ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებობაზე და ირანის ცეცხლის ტაძრებთან მსგავსებაზე მიუთითებს. თუმცა თვალსაჩინოა რეგიონული თავისებურებანი და მნიშვნელოვანი განსხვავებები – კვადრატული ცელას ფასადის ორივე მხარეს განთავსებული სათავსები – “ათეშგები” (ჩაუქრობელი ცეცხლის შესანახი ადგილი), ირანული ცეცხლის ტაძრების შინაგანი სტრუქტურის არსებითი კომპონენტი მათ არ უჩანთ; ირანული ცეცხლის ტაძრებისთვის, ასევე უცნობია ცელასკენ სარკმლებით გახსნილი დერეფნების არსებობა.[xv]

ქრისტიანობის მიღებიდან პირველ ხანებში საქართველოში ათეშგები, ჩანს, კვლავ იგებოდა. მე-5 ს-ის სომეხი ისტორიკოსი მოსე ხორენელი ადასტურებს, რომ ქართველები თურმე, ადრე, აჰურამაზდას (ორმუზდი) დილადრიან თავიანთი სახლების ბანიდან თაყვანს სცემდნენ. ქრისტიანული ხანის საქართველოში ზოროასტრიზმის გავრცელებაზე ისტორიულ ცნობებთან ერთად უძველესი ლიტერატურული წყაროებიც მოწმობს – წმინდა შუშანიკის, ევსტათი მცხეთელის და აბიბოს ნეკრესელის წამება. უზენაეს ღვთაება აჰურამაზდას – ორმუზდს – ქართული პანთეონის არმაზი[xvi] შეესატყვისებოდა; წმინდა ნინოს მიერ ნანახი არმაზის ქანდაკება – სპილენძის კაცი მხედრის ატრიბუტებით, აჰურამაზდას ძის – მითრას შემორჩენილი გამოსახულებების იკონოგრაფიულ სახეს ემთხვევა; ეს თავის მხრივ აკონკრეტებს, რომ ქართლში ამ დროს ზოროასტრიზმის განშტოება მითრაიზმიც იყო გავრცელებული.[xvii]

“შეიძლება ვიფიქროთ, რომ ზოროასტრიზმს საქართველოში დახვდა განვითარებული ასტრალური კულტი, მებრძოლი მხედრის იკონოგრაფიული სახე, რომელიც მოგვიანებით, როგორც ცნობილია წმინდა გიორგიმ შეცვალა. ბერძნული ჰელიოს-აპოლონი, თუ ირანული მიტრა, ადვილი შესაძლებელია იკონოგრაფიულად სხვადასხვა დროს შერწყმოდნენ კიდეც ქართული მზის ღმერთის სახეს, მაგრამ მისი საერთოდ გამოდევნა მათ არ შეეძლოთ… შემთხვევით როდია ხაზგასმული “ქართლის ცხოვრებაში” ის გარემოება, რომ “ესე არმაზ ქართველთა და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან მტრები არიან”[xviii].

ასეთი არაერთგვაროვანი ჩანს ამ დროისათვის ქართული ზოროასტრული რელიგიური რწმენა-წარმოდგენების მსგავსება-განსხვავება სასანურთან და მისი წინააღმდეგობრივი ბუნება, რაც ჩანს პირდაპირ უკავშირდებოდა ქართულ სახელმწიფო ინტერესებს.

ქრისტიანული პერიოდის ცეცხლის ტაძრებიდან, რომლებიც ყოფილა ნიქოზში, ნეკრესში, უჯარმასა, თუ მცხეთაში, არქიტექტურული ძეგლის სახით, დღემდე მხოლოდ თბილისის ათეშგა შემორჩა, ისიც არა თავდაპირველი სახით. ამის გამო მისთვის სხვა ადგილობრივი პარალელი არ მოგვეპოვება, რაც ართულებს მის კვლევას. ნაგებობის გარშემოსავლელი დერეფნების არარსებობა წარსულში განცდილი ნგრევისა და დანაკარგების მიზეზს გარდა, შესაძლოა კვლავ კულტის ადგილობრივ თავისებურებას განეპირობებინა, იმ შემთხვევაში თუ ამ ადგილას არსებული საწყისი სტრუქტურის შემოქმედად ადგილობრივ ზოროასტრებს მივიჩნევდით.

ეხლა, რაც შეეხება ისტორიულ ფონს ჩვენთვის საინტერესო დროის მონაკვეთში. IV ს-ის II ნახევრიდან ამიერკავკასიის ქვეყნებში სასანიანების გაბატონებას კავკასიონის მთებს გადაღმა მომთაბარე ჰუნ-თურქთა გაერთიანებისთვის ამიერკავკასიაში გადმოსასვლელი ზეკარების ჩაკეტვის აუცილებლობა და იმპერიის ჩრდილოეთ საზღვრების უშიშროება განაპირობებდა. სასანიანებმა ქართლში გაბატონებისთანავე დარიალის გზის მაკონტროლებლად ირანელი მოხელე პიტიახში ქრამ ხუარ ბორზარდი გამოგზავნეს, რეზიდენციად თბილისი იქნა შერჩეული, რომელიც რიგითი დასახლებიდან, მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტად იქცა. ბუნებრივია, ამ დროს აქ გარკვეული სიმრავლის ზოროასტრ სპარსთა თავმოყრა მოხდებოდა. ზოროასტრულ სასანიდურ ირანში დიდი ქსელი არსებობდა ცეცხლის საკურთხევლებისა, რასაც მოგვიანებით გაოცებაში მოყავდა მუსლიმანი ავტორები – “Атешкаде, храмы огня, поражали и мусульманских авторов, отметивших большое число этих храмов на територии всей Персии. некоторые из них представляли собой очень простые сооружения – по существу, купол на четырех столбообразных стенках (чохар так ); другие – и таких было немало – отличались внушительными размерами.”[xix] ასეთ ვითარებაში ირანელ პიტიახშს დავალებულიც კი შეიძლებოდა ჰქონოდა რეზიდენციასთან ათეშგის აგება, მით უფრო, რომ ზოროასტრიზმი საქართველოში გავრცელებული იყო და მათ ის უნდა გაეძლიერებინათ ქრისტიანობასთან დასაპირისპირებლად.

მომდევნო პერიოდში ვახტანგ გორგასალი, რომელიც სპარსეთის მთავრობის წინაშე დამსახურებისა და მოქნილი ტაქტიკის წყალობით სპარსეთის მეფის კარზე ერთგულ პიროვნებად იყო მიჩნეული, ” როგორც სახელმწიფო მოღვაწე, იძულებული იყო ანგარიში გაეწია ცეცხლთაყვანისმცემლობის არსებობისთვის ქართულ ქვეყნებში.”[xx] თუმცა, V ს-ის 50-იანი წლების დასაწყისში, ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე გორგასალი ბიზანტიელთა მოკავშირე გახდა, რითაც განარისხა სპარსელები. შემდგომ წლებში ირანმა იმპერიის შიდა მდგომარეობის გამყარების პრიორიტეტულობის გამო საქართველოზე გამოლაშქრება რამდენიმე წლით გადადო, რამაც ვახტანგს საშუალება მისცა სამხედრო და რელიგიური საკითხებისთვის მიეხედა.[xxi] გორგასალი 457-460 წლებს შორის იმპერატორს წერილით ატყობინებდა: “აწ აღმისრულებიეს აღთქმა ჩემი, რომელი აღმითქუამს.” ვახტანგ გორგასლის მემატიანე ჯუანშერი იუწყება, რომ მეფემ – “შეაგდო საპყრობილესა შინა ბინქარან მაცთური, ეპისკოპოსი ცეცხლის მსახურთა, და მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლის-მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა”.

ამის გათვალისწინებით, ვახტანგ გორგასლის დროს თბილისის ათეშგას აგება, არალოგიკურად გამოიყურება. ის ან თბილისში სამსახურად მოვლინებული სპარსი პიტიახშის, ქრამ ხუარბორზარდის დროს, ან მის მომდევნო პერიოდში, ან ვახტანგ გორგასლის მეფობის შემდგომ, ახლო ხანაშივე უნდა აღმოცენებულიყო თბილისში. ამ ხანებში “ქართლში ქრისტიან ეპისკოპოსთან ერთად მეფის კარზე მოგვთა მეთაურიც იმყოფებოდა, რომელსაც ქართული საისტორიო წყარო სპარსთა ეპისკოპოსს უწოდებს. სპარსელ მოგვებს ოფიციალურად ჰქონდათ ქართლში თავისი რწმენის პროპაგანდის უფლება».[xxii] ჰერაკლე კეისრისა და ხაზართა ხაკანის გაერთიანებული ლაშქრის მიერ 628 წელს თბილისის აღების, ცეცხლთაყვანისმცემლებთან ერთად ქრისტიანი მოსახლეობის გაწყვეტის და ქალაქის ბარბაროსული აოხრების დროს ათეშგა ნგრევას ვერ გადაურჩებოდა. რადგან ბიზანტიის ხელში გადასული ქართლი დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, ხოლო თბილისი ბიზანტიელების ხელში არც ყოფილა[xxiii] (თუმცა კი, ქართლი 654 წლიდან უკვე არაბების მოხარკე იყო, არც მათი რეალური გავლენა გავრცელებულა თბილისზე ამ დროისთვის), სავარაუდოა, რომ თბილისის ათეშგას თავისი მრევლი თანდათან ისევ მოეკრიბა და ფუნქციონირება გაეგრძელებინა, მით უფრო რომ ” VII ს-ის პირველ მესამედში, ცეცხლთაყვანისმცემელნი ბლომად იყვნენ ქართლის სამ ქალაქში – თბილისში, მცხეთასა და უჯარმაში.”[xxiv] VIII ს-ის II ნახევრიდან, კი, ქართლის მაჰმადიან მფლობელთა ხელში გადასვლის მერე, როცა თბილისი ამირას რეზიდენციად გამოცხადდა, მართლაც მოსალოდნელია მომხდარიყო ათეშგას მეჩეთად გადაკეთება, ჩანს, არც თუ ისე მკვეთრი ჩარევებით მის არქიტექტურაში. თბილისის შემდგომი პერიოდის რთული ისტორიის გათვალისწინებით, დასაშვებია, ნაგებობა დროის დიდ მონაკვეთებში ოფიციალურად, არც მოქმედებდა მეორადი – მეჩეთის ფუნქციით და ეგებ ის თბილისში მცხოვრები სპარსელი, თუ იეზიდი მრევლის მიერ ფარულად გამოიყენებოდა კიდეც ზოროასტრულ სალოცავად. XVIII ს-ის დასაწყისში ის კვლავ ამოქმედებულა მეჩეთად თურქების მიერ. ჩანს, ამჟამადაც მცირე ჩარევებით მის არქიტექტურაში, რაც შესაძლოა შეკეთების სახეს უფრო ატარებდა და როგორც პლ. იოსელიანი უთითებს, 10-ოდე წელში კვლავ დაუნგრევიათ.

ამრიგად, ამ ისტორიული ნაგებობის შესახებ არსებული მასალის ანალიზი ზოგადად ასეთ სურათს აღადგენს – სავარაუდოდ, IV ს-ში დაფუძნებული საკერპო სატაძრო ნაგებობის, თუ მდუმარების კოშკის[xxv] ფუძეზე აღმართულ, ვფიქრობთ, VI ს-ში აგებულ ათეშგას, საკმაოდ დიდი მასივით შეწიაღებულს დღემდე მოღწეული შენობის ხუროთმოძღვრულ სხეულში, VIII ს-ის ბოლოს უნდა შეეწყვიტა ფუნქციონირება, როგორც ზოროასტრულ ტაძარს. თუმცა, ნაკლული ისტორიის მიუხედავად, ერთი რამ ნათელია, ხსოვნა მისი თავდაპირველი დანიშნულების შესახებ მეჩეთად გადაკეთებას ვერ დაუჩრდილავს და სახელწოდება – საკერპო, ათეშგა, ხსოვნაში არ დაკარგულა. ამის ახსნა პლატონ იოსელიანის მიერ დამოწმებულ თბილისელ უხუცესთა გადმოცემაშიც ჩანს – “Оно как памятник старины поддерживалось и царями грузинскими”;[xxvi] ამასთანავე ეს “ძველი შთენი« რომ ქართველ მეფეთა მფარველობის საგანი ყოფილა და მისი შემუსვრის ნებას არავის აძლევდნენ, ახსოვთ XIX ს-ის მიწურულშიც და მასზე ზრუნვას არა მხოლოდ “…კერძო კაცთა, არამედ თვით ქალაქის თვით-მმართველობისაგან» მოითხოვენ[xxvii] – მრავლისმეტყველი ფაქტებია და ნაგებობის სიძველის დამადასტურებელ საკმაოდ საყურადღებო, დამხმარე არგუმენტსაც წარმოადგენს; ადრეული ხანის ნაგებობათა სიმრავლით განებივრებულ ქართველთა ცნობიერებაში დღესაც შეინიშნება ერთგვარად ზერელე დამოკიდებულება გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურული მემკვიდრეობის ნიმუშების მიმართ, მათ განსაკუთრებით გასაფრთხილებელი სიძველის ნაშთად არ მიიჩნევენ. მით უფრო საყურადღებო ჩანს ქართველ მეფეთა ასეთი გამორჩეული მზრუნველობა ათეშგას მიმართ, ვისთვისაც დროის მანძილი ადრეულ შუა საუკუნეებთან შედარებით მოკლე იყო, ხოლო ხსოვნა და გადმოცემა უფრო ცოცხალი.

კვლევის ამ ეტაპზე საკითხთა წყება მხოლოდ წამოიჭრა და მრავალი კითხვა უპასუხოდ დარჩა, რასაც შესაძლოა სამომავლოდ მოეფინოს ნათელი.

ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი
2009 წლის მარტი

 


[i] Пл.  Иоселиани,   Описание   древвностеи   города   Тифлиса,   Тиф.,   1866,   გვ. 11

[ii] სამუშაოს უძღვებოდა ICOMOS -ის საქართველოს ორგანიზაცია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის ფინანსური მხარდაჭერით; ამავე დროს დაზუსტდა ანაზომები: არქიტ.-რესტ. ნატო ცინცაბაძე, ლია ბოკუჩავა

[iii] კალკაზე შესრულებული დაცვის ზონა კომისიის წევრთა – მ. დეკანოსიძის, ვ. ჯიქიას, ვ. იაკუბოვის ხელმოწერით, ათეშგას სქემატური გეგნგეგმის სახით, ინახება ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში.  აქვე ინახება მითითებული ნახაზები და ნაბათოვის ძლიერ დაზიანებული და ჩამოწერილი მაკეტის ასლი

[iv] ამ შურფის ფოტოანაბეჭდი (20817), ჩატარებული სამუშაოს მოკლე  აღწერილობა და გრაფიკული მასალა ინახება  ძეგლთა   დაცვის   სამმართველოს არქივში

[v] Пл.  Иоселиани, Описание  древностей  города  Тифлиса,   Тиф.,  1866,  გვ. 30

[vi] ათეშგას XIX ს-ის შუა, ბოლო წლების და ასევე, XX ს-ის ფოტოები ინახება თბილისის ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში შემავალი  ხელოვნებისა და თბილისის ისტორიის მუზეუმების, ასევე  ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის არქივეში

[vii]  იხ. Ог. Шуази, История Архитектуры, т. II,  М., 1937,   გვ.88

[viii]  იქვე,   გვ.89

[ix]  აქ მოყვანილ ძეგლთა (გარდა ბეთლემის ზედა ეკლესიის სამრეკლოსი) ფოტოები ინახება თბილისის ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში შემავალი თბილისის ისტორიის მუზეუმების არქივში

[x] К.  Гартман  История Архитектуры, т. I,  М., 1936,   გვ. 332

[xi] მით უფრო, რომ ორმაგგარსიანი გუმბათის ანალოგიური სტრუქტურა გარსებს შორის არსებული შუალედური დიაფრაგმით აგრძელებდა არსებობას და გამოყენებულია  თბილისის XVI-XVIII სს-ების აბანოების გუმბათებშიც იხ. Мшвениерадзе  Д.,   Строительное  искусство  в  древней  Грузии,  Тб.,  1959, გვ. 22,

[xii] Ог. Шуази, История Архитектуры, т. II,  М., 1937,   გვ. 96-97

[xiii] თბილისი ენციკლოპედია თბ., 2002, გვ.276 IV-VII სს; ს. კაკაბაძე, გორგასალი და მისი ხანა, თბ., 1994, გვ. 231 – Vს; გ. ყიფიანი, ძველი თბილისის ზოროასტრული ტაძარი, ხელნაწ. 2008

[xiv] გ. ყიფიანი, იქვე

[xv]კ.ხიმშიაშვილი, იბერიის სატაძრო არქიტექტურის შესახებ, არქიტექტურული მემკვიდრეობა, I ტ., თბ., 2001, გვ.25

[xvi]  ამაზე იხ. Н.  Марр,   Боги   языческой   Грузии   по древнгреч.  источникам,  Записки  Вост.  отд.  Русск.  арх.  общ.   т. XIV,    СПБ, 1901).

[xvii] ნ. პაპუაშვილი, მსოფლიო რელიგიები საქართველოში, თბ 2002

[xviii] გ. ლორთქიფანიძე, ანტიკური ხანის საქართველოს კულტურის ისტორიისათვის (იდეოლოგია, რელიგიური რწმენა-წარმოდგენები), კრებ.-ში საქართველო და აღმოსავლეთი, თბ., 1984, გვ.168,169

[xix] Р.   Фрай ,  Наследие  Ирана,  М.,  1972,  გვ. 324

[xx] ს. კაკაბაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ხანა, თბ., 1994 გვ.214

[xxi] ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბ., 1991, გვ. 152-153

[xxii] თბილისის ისტორია, I ტ. (უძველესი დროიდან XVIII ს.-ის ბოლომდე), თბ., 1990 გვ. 81

[xxiii] დ. გვრიტიშვილი, შ. მესხია, თბილისის ისტორია, 1952, გვ.32

[xxiv] ს. კაკაბაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ხანა, თბ., 1994 გვ.229

[xxv] ათეშგას თავდაპირველი, ზოროასტრ მიცვალებულთა დასადები ნაგებობის შესახებ იხ.  ვ. გოილაძე, მდუმარების კოშკი, გაზ. თბილისი, 1986, 13 იანვარი, გვ. 6

[xxvi]  Пл.  Иоселиани, Описание  древностей  города  Тифлиса,   Тиф.,  1866,  стр  26

[xxvii] “ივერია», #177, 19 აგვისტო, 1899, გვ.1-2

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s